ნიკოლოზ სიმონიშვილი - საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს ვთხოვთ, პროცესის განმუხტვაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ
ნიკოლოზ სიმონიშვილი - საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს ვთხოვთ, პროცესის განმუხტვაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ

ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ცუდი ნაბიჯი და ამ ნაბიჯების გადადგმის დროს მას არცერთხელ არ ეყო კეთილგონიერება, რომ დაფიქრებულიყო, რა შედეგების მომტანი შეიძლება, ყოფილიყო ეს ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება შეაფასა.

სიმონიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირება საზოგადოებაში.

ამასთან, სიმონიშვილი თხოვნით მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ პროცესის განმუხტვაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

„საბოლოოდ მივედით ამ მომენტამდე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან, რათა ჩვენ შევძლოთ ამ სიტუაციის უკან მობრუნება, შევძლოთ, თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს (ჩვენ ვნახეთ მათი განცხადებები) კიდევ ერთხელ ვთხოვთ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ პროცესის განმუხტვაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.