ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა
ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

პარიზში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში (SciencesPO) საჯარო ლექცია წაიკითხა.

შეხვედრაში ინსტიტუტის მკვლევრები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პარიზში არსებული ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე. ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციაზე და ქვეყნის არაღიარების პოლიტიკაზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები მიმოიხილა. ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებში საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლს.

„შესაძლებლობა მქონდა პარიზის წამყვან უნივერსიტეტში წამეკითხა საჯარო ლექცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მიმდინარე ოკუპაციაზე და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ვაჭრობა, ასევე, ენერგეტიკის და ციფრულ სფეროებში საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი წარმოადგენდა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ სტრატეგიულ პროექტებს, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა მონაცემთა გადაცემის და ელექტროენერგიის კაბელებსა და ანაკლიის ახალი პორტის მშენებლობას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.