ნიკოლოზ სამხარაძე - ვიმედოვნებ, ოპოზიცია აქტიურად იქნება ჩართული საკომიტეტო მოსმენებში, სამუშაო ჯგუფებში, თავის იდეებს შესთავაზებს მმართველ გუნდს, ოღონდ ეს იდეები კოსმოსიდან არ უნდა იყოს მოტანილი
ნიკოლოზ სამხარაძე - ვიმედოვნებ, ოპოზიცია აქტიურად იქნება ჩართული საკომიტეტო მოსმენებში, სამუშაო ჯგუფებში, თავის იდეებს შესთავაზებს მმართველ გუნდს, ოღონდ ეს იდეები კოსმოსიდან არ უნდა იყოს მოტანილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში თუ ჩაერთვება, ეს მისასალმებელი იქნება.

სამხარაძის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაში გაწერილია ყველაფერი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას თითოეული უწყების მხრიდან.

„კარგია, თუ ოპოზიცია პროცესში ჩართვას აპირებს და გაითვალისწინეს შეცდომები, რომლებიც 2022-2023 წლებში დაუშვეს, როდესაც ყველანაირად ცდილობდნენ, პროცესი დაეზიანებინათ. მათი ჩართულობა მისასალმებელი იქნება. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ეს არის გეგმა, როგორ უნდა შესრულდეს რეკომენდაციები. სამოქმედო გეგმაში სისუსტეს ვერ ვხედავ. გაწერილია, ვინ არის პასუხისმგებელი, ასევე გაწერილია ვადები და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას თითოეული უწყების მხრიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. შესაბამისად, ჩვენ ამ გეგმის შესრულებას შევუდგებით. პრინციპში, შესრულება უკვე დაწყებულია, რაღაც ნაწილები პარლამენტმა ჯერ კიდევ დეკემბრის სესიაზე მიიღო.

რეფორმები ცოცხალი პროცესია და მისი განხორციელება ხდება დისკუსიებისას კომიტეტებში და საპარლამენტო მუშაობის დროს. ვიმედოვნებ, ოპოზიცია აქტიურად იქნება ჩართული საკომიტეტო მოსმენებში და სამუშაო ჯგუფებში, თავის იდეებს შესთავაზებს მმართველ გუნდს, ოღონდ ეს იდეები ჰაერიდან და კოსმოსიდან არ უნდა იყოს მოტანილი. ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ვიწყებთ ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირთან, შესაბამისად, არ გვჭირდება ექსპერიმენტული მოდელების გამოყენება. ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორიც არის წამყვან დასავლურ ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან გარანტირებული იქნება ინკლუზიურობა. ყველას მიეცემა შესაძლებლობა, იყოს ამ პროცესის ნაწილი, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს. შესაბამისად, მათზეა დამოკიდებული, რამდენად იაქტიურებენ სამუშაო პროცესის დროს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ