ნიკოლოზ სამხარაძე - ველოდები, რომ სერბეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი იქნება, ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს, რომელიც მეტად დაახლოებაში უნდა გადაიზარდოს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ სერბეთში საგარეო ურთიერთობის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ნაყოფიერი იქნება.
სამხარაძის თქმით, სერბეთსა და საქართველოს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები აქვს, რაც უფრო მეტად დაახლოებაში უნდა გადაიზარდოს.
„დღეს დაიწყო საგარეო ურთიერთობის კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში. ჩვენ უკვე გქონდა პირველი შეხვედრა, ახლა ვემზადებით უშუალოდ ჩემს კოლეგასთან შესახვედრად. დღის განმავლობაში გვექნება შეხვედრები ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ხვალ დაგეგმილია თავდაცვის კომიტეტისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტის საგარეო მრჩეველთან. შესაბამისად, საკმაოდ დატვირთული პროგრამა გვაქვს. რაც შეეხება მიზნებსა და ამოცანებს, საქართველოსა და სერბეთს საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ. პირველ რიგში, ორივენი ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენი საგარეო პოლიტიკური საბოლო ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, გამოწვევები პოლარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, რაც უნდა გადაიზარდოს უფრო მეტად დაახლოებაში. გვსურს, თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო, ასევე სერბეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ეკონომიკურ საკითხებზე პერსპექტივები, რომ გავზარდოთ ვაჭრობა, ტურიზმი, ხალხთაშორისი მიმოსვლა. ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. ამიტომ ველოდები, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ვიზიტი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.