ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის პარლამენტში საქართველო-ურუგვაის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის პარლამენტში საქართველო-ურუგვაის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ურუგვაის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის პარლამენტში საქართველო-ურუგვაის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ სილვია ნანეს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-ურუგვაის შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ნიკოლოზ სამხარაძემ ურუგვაელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ურუგვაის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ურუგვაის გააჩნიათ ძალიან ბევრი საერთო მახასიათებელი, შესაძლოა, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისთვის მთავარი გზის გამკვალავი აღმოჩნდეს, როგორც საქართველო ურუგვაისთვის შავი ზღვის რეგიონში, ისე ურუგვაი საქართველოსთვის სამხრეთ ამერიკის რეგიონში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა მიმდინარე წელს, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს.

მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ურუგვაის მხარე ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. სილვია ნანემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ურუგვაის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ურუგვაის პარლამენტში გამართულ შეხვედრაში საპარლამენტო დელეგაციის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მონაწილეობდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტად  მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.