ნიკოლოზ სამხარაძე - სტამბოლში ნაყოფიერი ვიზიტი იქნება, შევხვდებით, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს, ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე
დღეს სტამბოლში ჩვენი დელეგაციის ვიზიტი იწყება, სადაც მსოფლიო საპარლამენტთაშორისო კავშირის სესია იმართება. ამ პლატფორმას სხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებისთვის ვიყენებთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ვიზიტის დროს დაგეგმილია ათზე მეტი შეხვედრა როგორც ევროპის, ასევე აზიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
„პლატფორმას გამოვიყენებთ როგორც ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე ამ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და არაღიარების პოლიტიკის გასაგრძელებლად. ჩვენი გზავნილები ეხება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, წარმატებულ რეფორმებს. ამის თაობაზე ასამბლეაზე პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს. ვფიქრობ, ნაყოფიერი ვიზიტი იქნება საინტერესო დისკუსიებით. შეხვედრები გვექნება ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც საუბრის მთავარი თემა იქნება ირანთან მიმდინარე კონფლიქტი. კერძოდ, რა უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე არიან არა მხოლოდ ეს ქვეყნები, არამედ მთელი რეგიონი. შეხვედრა გვექნება ევროპული ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან, სადაც საუბარი იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შეხვედრა იქნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას, როგორ მიმდინარეობს პროცესი კანდიდატ ქვეყნებში, შეხვედრები იქნება მეზობელი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესაც შევხვდებით. ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებლობა გვაქვს, შევხვდეთ ისეთ საპარლამენტო დელეგაციებს, რომელთაც გეოგრაფიული სიშორის გამო ვერ ვხვდებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.