ნიკოლოზ სამხარაძე - შეთანხმების მიღწევა რეალისტურია იმ ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც დესტრუქციულ სცენარს და ანტიდასავლურ კამპანიას გაემიჯნენ
ნიკოლოზ სამხარაძე - შეთანხმების მიღწევა რეალისტურია იმ ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც დესტრუქციულ სცენარს და ანტიდასავლურ კამპანიას გაემიჯნენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პატარა პარტიები მიხვდნენ, რომ არჩევნების ე.წ. გაყალბების თეორიას რეალობასთან კავშირი არ აქვს და ახლა ცდილობენ, ხელისუფლებასთან კომპრომისი მოძებნონ.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ნიკოლოზ სამხარაძემ მეხუთე რაუნდის მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მხარეები კომპრომისს მოძებნიან.

„იმ ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევა რეალისტურია, რომლებიც დესტრუქციულ სცენარს და ანტიდასავლურ კამპანიას გაემიჯნენ. დესტრუქციული პარტიების მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩებსა და დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმას. ზოგადად, მმართველ გუნდს მეხუთე რაუნდისთვის პოზიტიური მოლოდინი აქვს, რადგან ორ თვეში ბევრი რაღაც შეიცვალა – საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საბოლოო შედეგები დაიდო, მთელმა მსოფლიომ არჩევნები აღიარა და ამ ყველაფერს „სამართლიანი არჩევნების“ ცნობილი სკანდალი დაერთო, რაც ოპოზიციისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ვითომდა, არჩევნები გაყალბდა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები ცესკო-ს მონაცემებს ერთი-ერთში დაემთხვა. ამ შედეგებისა და ფაქტების ერთობლიობამ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას აჩვენა, რომ ისინი იმ პოლიტიკურ თამაშში შევიდნენ, რომელიც უშედეგოა და მათი განცხადებებიც ადასტურებს, რომ ცდილობენ, ხელისუფლებასთან კომპრომისი მოძებნონ. დარწმუნებული ვარ, ამ კომპრომისს მოვძებნით“, – აღნიშნავს დეპუტატი.

სამხარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ პატარ-პატარა პარტიები დამუნათებული ჰყავდათ და მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენდნენ.

„ამ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა სხვა ფაქტორებითაც იყო განპირობებული, რაც უკვე ჩამოვთვალე. როცა ეს ყველაფერი ხელიდან გამოეცალათ და არანაირი ფაქტი აღარ დარჩათ, რა თქმა უნდა, პატარა პარტიები მიხვდნენ, რომ სინამდვილეში, ე.წ. გაყალბების თეორიას რეალობასთან კავშირი არ აქვს. მათ შეცვალეს რიტორიკა და ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმაზე საუბარი, რათა ქვეყანაში არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ ისე ჩატარდეს, რომ მცირე ხარვეზსაც კი ადგილი არ ჰქონდეს. ვფიქრობ, ამ თემებზე ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებას შევძლებთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვა იანვრის ბოლომდე იგეგმება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მეხუთე რაუნდის შემდეგ გახდება ცნობილი, საბოლოო ჯამში, ოპოზიციური პარტიებიდან ვინ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში და ვინ იტყვის უარს.