ნიკოლოზ სამხარაძე - სერგეი ლავროვის განცხადება კლასიკური გაგრძელებაა რუსული პოლიტიკის, რასაც ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით მტკიცე ნაბიჯები  უნდა დავუპირისპიროთ
ნიკოლოზ სამხარაძე - სერგეი ლავროვის განცხადება კლასიკური გაგრძელებაა რუსული პოლიტიკის, რასაც ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით მტკიცე ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ

სერგეი ლავროვის განცხადება კლასიკური გაგრძელებაა რუსული პოლიტიკის და იმ ნარატივის, თითქოს საქართველოში საზოგადოებას არ უნდა დასავლეთთან ინტეგრაცია, ნატო-ში გაწევრიანება და ეს იძულებით თავსმოხვეული პირობაა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ რუსულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „რუსეთისთვის გახდება წითელი ხაზის დარღვევა მცდელობები, ძალით შეათრიონ საქართველო ნატო-ში, რაც ეწინააღმდეგება მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას“.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, დეზინფორმაციას საქართველომ უნდა დაუპირისპიროს ერთიანობა და მტკიცე ნაბიჯები ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

„ლავროვის მხრიდან ეს განცხადება გასაკვირი არ არის, ისინი ამას დიდი ხანია, აკეთებენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ პირველად გააკეთა განაცხადი ნატო-ს წევრობაზე და ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში იყო. ამიტომ, ეს არის კლასიკური რუსული პოლიტიკის გაგრძელება, რომ საკუთარ საზოგადოებასა და მათ სატელიტ პოლიტიკოსებს დეზინფორმაციით, ყალბი ამბებით  მოაჩვენონ, თითქოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა და მტკიცე ნაბიჯები ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

რაც შეეხება არგაღიზიანების პოლიტიკას, მგონი, ეს ყურით მოთრეული საკითხია, რადგან ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა შეხვედრასა და განცხადება დეკლარაციაში ვაფიქსირებთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი ქვეყანა, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ყველანაირად ხელს უშლის საქართველოს განვითარებას, მათ შორის ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არგაღიზიანების პოლიტიკაში ვერანაირად ვერ ჯდება. თანმიმდევრულები ვართ და არ ვფიქრობ, რომ საჭირო იყოს, ყველა კომენტარისა და პრესასთან გამოსვლის შემდეგ, რა განცხადებასაც ლავროვი გააკეთებს, ყოველ ჯერზე ჩვენ ნოტები ვაფრინოთ. ყველამ კარგად იცის, რა არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.