ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველომ ნატო-ს სამიტიდან ძლიერი და მკაფიო გზავნილები მიიღო
ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველომ ნატო-ს სამიტიდან ძლიერი და მკაფიო გზავნილები მიიღო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, საქართველომ ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკეთი ძლიერი და მკაფიო გზავნილები მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს სამიტის კომუნიკეში ცალსახად საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები გაკეთდა, სადაც ნატო რუსეთს მოუწოდებს, უკან წაიღოს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

„ცალსახად მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიების მიმართ. ასევე მეორე მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და მას გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ნატო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს. მათ შორის ნატო-სთან თავსებადობის კუთხით და ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მომავალში საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ, რომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, ამ თვალსაზრისით გაიმართება 2022 წელს კიდევ ერთი ერთობლივი წვრთნა ნატო-საქართველოს შორის. ნატო-ს მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა წამოვა, რათა გაუმკლავდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს. ეს არის ძლიერი და მკაფიო გზავნილები“, – აცხადებს სამხარაძე.

დეპუტატის განცხადებით, ორ დღეში, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია და ამ სამიტამდე, რუსეთის მიმართ ცალსახა და მკაფიო გზავნილი არის მნიშვნელოვანი.

„ილუზია არ გვაქვს, რომ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას უკან წაიღებს ან ჯარებს უკან გაიყვანს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოება მეთოდურად ახსენებს რუსეთს ამ საკითხს. თუ რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, ერთ-ერთი საქართველოს საკითხი იქნება. დარწმუნებული ვარ, რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს და ამას ადრე თუ გვიან მხედველობაში მიიღებენ“, – განაცხადა სამხარაძემ.