ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტი არ არის საბავშვო ბაღი, მიხვიდე ხუთშაბათს, არ მიხვიდე ორშაბათს და თქვა, ავად ვარო
ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტი არ არის საბავშვო ბაღი, მიხვიდე ხუთშაბათს, არ მიხვიდე ორშაბათს და თქვა, ავად ვარო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სახელმწიფოს შეურაცხყოფად აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებას, რომ უბარიერო პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად პარლამენტში ერთჯერადად შევა.

მისივე თქმით, ქვეყნის უპატივცემულობაა, როდესაც პარტია აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვან საკითხს მხარს დაუჭერს, ხოლო დანარჩენი თემები არ აინტერესებს.

„პარლამენტი არ არის საბავშვო ბაღი, სადაც შეიძლება, მიხვიდე ხუთშაბათს და არ მიხვიდე ორშაბათს, ან შაბათს და თქვა, ავად ვარო. ეს ყველაფერი სასაცილოა. ეს არის როგორც პარლამენტის, ასევე სახელმწიფოს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა, როცა შენთვის მნიშვნელოვან, ასეთ მერკანტილურ საკითხებზე შეგიძლია თქვა, მივალ და ღილაკს ხელს მივაჭერ, დანარჩენი თემები კი – ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკა და სოციალური საკითხები არ გაინტერესებს. ეს არის თვითლუსტრაცია და ოპოზიციამ საკუთარი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა“, – განაცხადა სამხარაძემ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.