ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატსა და ეროვნულ ასამბლეაში კოლეგებს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატსა და ეროვნულ ასამბლეაში კოლეგებს შეხვდა

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, საფრანგეთის სენატისა და ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფრანსუა ჟან ბურლანჟთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კატრინ დუმასთან.

შეხვედრებისას მთავარი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ქვეყნის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, აგრეთვე კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ხაზი გაუსვეს როგორც რეგიონულ, ასევე, ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

„ჩვენი საუბრის ძირითადი თემები იყო უსაფრთხოება, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობები. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ საფრანგეთი, რომელიც არის ლიდერი ქვეყანა ევროკავშირში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უფრო და უფრო დიდი მხარდამჭერი ხდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.