ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთმა გავრცელებულ რელიზში დამალა ფაქტი, რომ ბლინკენმა ლავროვს საქართველოს საკითხი შეახსენა
რუსეთმა გავრცელებულ რელიზში დამალა ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვს საქართველოს საკითხი შეახსენა, – აცხადებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ბლინკენსა და ლავროვს შორის საქართველოს საკითხი იყო განხილული. სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივი ასევე ის, რომ რუსეთის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არ იყოს საუბარი საქართველოს საკითხის განხილვის შესახებ, რაც თავისთავად, ძალიან საინტერესოა. რუსეთმა დამალა ის ფაქტი, რომ ბლინკენმა მას საქართველოს საკითხი შეახსენა. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან მაღალ დონეზე დგას დღის წესრიგში.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას და ჩვენი ორი რეგიონის დეოკუპაციას. ძალზე იმედისმომცემია ის, რომ პირველივე შეხვედრაზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ეს საკითხი ძალიან მწვავედ დააყენა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას და ჩვენი მხრივ, ცდას არ დავაკლებთ, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს არა მხოლოდ ამერიკა-რუსეთის, არამედ ევროკავშირ-რუსეთის და ზოგადად, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგში“, – აცხადებს სამხარაძე.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და მთლიან რეგიონს.
„ასევე, მათ აქვთ გამოცდილება, ომის დროს მუშაობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში, მათი დიდი ნაწილი მუშაობდა. შესაბამისად, მათთვის ეს პრობლემები ახალი არ არის და აქედან გამომდინარე, მათი ცალსახა პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკა არა მხოლოდ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გააქტიურდეს და ასევე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო დიდი როლი ითამაშეს შავი ზღვის რეგიონი უსაფრთხოებაში და ასევე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.