ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, საზოგადოებამ და ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ვიზების გაუქმების ნაბიჯი ახლა
ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, საზოგადოებამ და ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ვიზების გაუქმების ნაბიჯი ახლა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს.

სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება.

„მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.