ნიკოლოზ სამხარაძე - რუმინულმა მხარემ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ჩვენს შორის ურთიერთობების განვითარებით, ისინი არიან საქართველოს ევროკავშირის წევრობის მხურვალე მხარდამჭერები
ნიკოლოზ სამხარაძე - რუმინულმა მხარემ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ჩვენს შორის ურთიერთობების განვითარებით, ისინი არიან საქართველოს ევროკავშირის წევრობის მხურვალე მხარდამჭერები

რუმინეთის ეკონომიკის სახელმწიფო მდივანთან საუბრის მთავარი თემა იყო ორმხრივი და მრავალმხმრივი ეკონომიკური პროექტები, შესაძლო ინტერნეტკაბელის მშენებლობა შავი ზღვის ქვეშ, შუა დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდნენ სენატის პრეზიდენტს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს.

„ეკონომიკის სახელმწიფო მდივანთან ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო ორმხრივი და მრავალხმრივი ეკონომიკური პროექტები, რომელიც საქართველოს და რუმინეთს აკავშირებს ერთმანეთთან. განსაკუთრებით, ეს არის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს მოიცავს და რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის გაცვლა ქვეყნებს შორის. ასევე საუბარი იყო შესაძლო ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე შავი ზღვის ქვეშ, შუა დერეფნის განვითარებაზე და მისი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე. ასევე, საუბარი გვქონდა სამთავრობო კომისიის შემდგომი სხდომის ჩატარებაზე, ვგულისხმობ, მთავრობათშორის ეკონომიკურ კომისიას, რომელიც თბილისში უნდა ჩატარდეს უახლოეს მომავალში. შესაბამისად, საკმაოდ დეტალური და ნაყოფიერი საუბარო გამოგვივიდა, მათ შორის განვიხილეთ მოდალობები“, – აღნიშნა სამხარაძემ.

რაც შეეხება რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებს, სამხარაძის თქმით, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებასა და არჩევნების შემდეგ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

მისივე თქმით, რუმინეთი არის საქართველოს ევროკავშირში წევრობის მხურვალე მხარდამჭერი.

„საუბარი გვქონდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პრობლემებზე, რაც ამ პროცესს თან ახლავს. ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის აგრესიაზე, მოლაპარაკებებზე, რომელიც დაიწყო რუსეთსა და ამერიკას შორის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, ამ კონტექსტში რუმინეთისა და საქართველოს, ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. საუბარი გვქონდა გლობალურ ცვლილებებზე, ამ ახალ დღის წესრიგზე, ნატო-ს ფუნქციასა და როლზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ დარბაზში ვისხედით, სადაც 2008 წელს გაკეთდა განცხადება საქართველოს ნატო-ში წევრობაზე და ჩვენ გულისტკივილით აღვნიშნეთ, რომ 17 წელი გავიდა და არანაირი პროგრესი ამ მიმართულებით არ არის. ხვალ ჩვენი ვიზიტი გაგრძელდება, გვექნება შეხვედრა უკვე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან და ასევე ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან.

რუმინულმა მხარემ ცალსახად დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ჩვენ შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებით. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ დგას. ისინი არიან საქართველოს ევროკავშირში წევრობის ძალიან მხურვალე მხარდამჭერები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავებთ წევრ ქვეყნებთან, რომ პრობლემები, რომლებიც, ვფიქრობ, ხელოვნურად არის შექმნილი და არანაირი საფუძველი არ აქვს, ნელ-ნელა გადაიჭრას და დავუბრუნდეთ არა მხოლოდ წევრ ქვეყნებთან, არამედ, ზოგადად, ევროკავშირსა და მის ინსტიტუტებთან ნორმალურ ჯანსაღ ურთიერთობებს“, – განაცხადა სამხარაძემ.