ნიკოლოზ სამხარაძე რომის პაპსა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

18:52, 15.05.2026

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი იყო. კარდინალი პიეტრო პაროლინი ამ ურთიერთობებში არსებული პრობლემატიკით დაინტერესდა.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების, ისე, ზოგადად, რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

დღესვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან ლეო XIV-სთან. შეხვედრებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი მონაწილეობდნენ.

 

მსგავსი