ნიკოლოზ სამხარაძე რობინ დანიგანს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე რობინ დანიგანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებას და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ელჩთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი. ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე აქტუალურ მოვლენებსა და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.