ნიკოლოზ სამხარაძე – პეკინში ვიზიტი ნაყოფიერი იყო, შევხვდით ბევრ მაღალჩინოსანს, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი წაადგება ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას.
„წელს მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ურთიერთობაში, რადგან ასევე შედგა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში. ჩვენ ვისაუბრეთ დელეგაციების გაცვლაზე, საპარლამენტო თანამშრომლობის სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეებში მეტად გაღრმავებაზე. ზოგადად, გვქონდა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე საუბარი. მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენც დავუდასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის განმარტებით, შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე.
„კმაყოფილებით აღვნიშნეთ ის დინამიკა, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით და გამოვთქვით მზადყოფნა, საკანონმდებლო დონეზე ყველანაირად დავეხმაროთ, რომ მეტად გაიზარდოს ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ასევე, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლები, აქაც ჩვენ საკმაოდ საინტერესო სიახლეებს ველოდებით უკვე ამ კვირაშივე, პირველ რიგში, განათლების მიმართულებით. ვისაუბრეთ რეგიონულ კონფლიქტებზე, ჩინეთის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ასევე, შევეხეთ რამდენიმე დღეში გასამართ სამიტს, რომელსაც დაესწრებიან როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ისე ამერიკის პრეზიდენტი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერები. ამ თემაზეც მივიღეთ ინფორმაცია ჩინური მხარისგან. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ პეკინში ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს შევხვდით, გვქონდა საუბარი ორმხრივ ურთიერთობებზე და იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს წაადგება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.