ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის სპიკერების მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არაღიარების პოლიტიკასა და ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ
ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის სპიკერების მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არაღიარების პოლიტიკასა და ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ავსტრიაში, პარლამენტის სპიკერების მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

მისივე თქმით, დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გამოცდილებას გაუზიარებს.

„იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც აქტიური ურთიერთობა გვაქვს და აქტიურად ვთანამშრომლობთ, უფრო დეტალურად ვსაუბრობთ იმ სფეროებზე, სადაც შეიძლება ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასეთი იყო ესტონეთთან, სომხეთთან, იტალიასთან შეხვედრები. თუმცა, დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შეხვედრები ეგვიპტის პარლამენტის სპიკერთან, კამერუნის პარლამენტის სპიკერთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერთან. ეგვიპტისა და კამერუნის პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისო ფორუმებზე, რათა ყოველთვის ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს ქვეყნები არასდროს არ წავლენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ნატო-ს წევრი, რომელიც ახლა იწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამ მხრივ, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე წინ არიან და კარგია, რომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საპარლამენტო დონეზე, ასევე სამთავრობო დონეზე, ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია და მათი გამოცდილების გაზიარება მოხდება. ზოგადად, ბალკანეთი არის მნიშვნელოვანი, რადგან ევროკავშირისთვის ბალკანეთის გაფართოება უკვე გადაწყვეტილი საკითხია და ბალკანეთის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ასევე, ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ავსტრიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.