ნიკოლოზ სამხარაძე - ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან მივიღეთ შექება ძალიან მნიშვნელოვანი როლისთვის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, არსებულ საფრთხეებზე და საპარლამენტო დღის წესრიგზე. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ასევე სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.
„ჩვენ წარვდექით საკმაოდ მოცულობითი ანგარიშით, თუ რა ხდება საქართველოში, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებული ვითარება, საფრთხეები რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ასევე ვისაუბრეთ საპარლამენტო დღის წესრიგზე, რა რეფორმების გატარებას აპირებს პარლამენტი, მომავალი სამი წლის განმავლობაში და რა პროგრესი გვაქვს აქამდე.
ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დიდი შექება ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი როლისთვის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს იყო ხაზგასმით გამოკვეთილი და ასევე მივიღეთ შექება იმ რეფორმებისთვის, რომელიც აქამდე საქართველომ გაატარა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.