ნიკოლოზ სამხარაძე - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი დელეგაციის შესწორებების, შეთავაზებებისა და ფორმულირებების უდიდესი ნაწილი გაითვალისწინა
11-13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, სლოვენიაში იმყოფებოდა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა. დელეგაციამ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციებსა და ანგარიშებში ჩვენი შესწორებების, შეთავაზებებისა და ფორმულირებების უდიდესი ნაწილი, 90% გაითვალისწინა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სამხარაძის განმარტებით, ეს შესწორებები ეხებოდა: „რუსეთის მიერ 1990-იანი წლებიდან საქართველოს ტერიტორიების, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის განგრძობით ოკუპაციას; 2008 წლის მოვლენებსა და შემდგომ ოკუპაციას; საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლის შესახებ დაუსაბუთებელ განცხადებებს, რის საპასუხოდაც ჩაიწერა, რომ საქართველო ერთგულია იმ პროცესებისა, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლისთვის; ასევე, გაბათილებული იყო მოსაზრებები, რომელიც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს ნეგატიურ ჭრილში წარმოადგენდა“.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გადაწყვეტილება მიიღეს იმის თაობაზე, რომ ალიანსის არაწევრი ქვეყნებისთვის პარტნიორობის რამდენიმე კატეგორია შეექმნათ და საქართველო უმაღლეს კატეგორიაში მოხვდა.
„ეს არის კატეგორია – „ყოვლისმომცველი უსაფრთხოების პარტნიორობა“. საქართველოს პარლამენტთან ერთად ამ კატეგორიაში მოხვდნენ: უკრაინის რადა, შვეიცარიის, ავსტრიისა და ბოსნიის პარლამენტები. ეს ახალი კატეგორიზაცია საშუალებას მოგვცემს, საპარლამენტო ასამბლეაში უფრო ნაყოფიერად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძე ასევე გამოეხმაურა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაში მონაწილეობას.
„მე, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, მკაცრად ვგმობ იმ არამეგობრულ აქტს, რომელიც გუშინ ეუთო-ს თავჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაიდინა. გარდა არამეგობრული აქტისა, ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იყო და იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ სულ რაღაც ათი დღის წინ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა იყო. დღეს ქალბატონი ვალტონენი საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა, სადაც გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთი მტკიცედ და ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამაზეა ნათქვამი: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ძალიან კარგია და მადლობელი ვართ, რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა სუვერენიტეტის მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ შენ არ უნდა ჩაერიო სხვა ქვეყნის საქმეებში, არ უნდა დაიჭირო ამ ქვეყნის რომელიმე პარტიის პოზიცია და, სულ მცირე, უნდა გაემიჯნო ძალადობას, თუ მისი დაგმობის თავი არ გაქვს. ამიტომ ეს ნამდვილად ძალიან არამეგობრული ჟესტი იყო. გპირდებით, ამ საკითხს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ სხდომაზე დავაყენებ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.