ნიკოლოზ სამხარაძე - ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთანაც საუბარი გვექნება ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველო ნატო-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე
ნიკოლოზ სამხარაძე - ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთანაც საუბარი გვექნება ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველო ნატო-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრას გამართავენ.

როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე აღინიშნება, რომ საქართველო ნატო-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე.

„დღეს ჩვენ შევხვდებით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ვისთანაც საუბარი გვექნება ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ საქართველო ნატო-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე. ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა ნატო-ს წევრობაზე არის, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაც. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზას და მარშრუტს, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღესვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.