ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ, დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა

23:06, 07.07.2026

აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ და ამ ინიციატივას არ დაუჭირა მხარი ეუთო-ს მონაწილე ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, ესპანეთმა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

სამხარაძის თქმით, დოკუმენტი, რომელშიც ბრალდებები მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი, მხოლოდ ერთმა ექსპერტმა შეადგინა. ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, 22-ე პუნქტში არ არის ნახსენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები.

„დოკუმენტში წერია მხოლოდ ბრალდებებზე, თუმცა მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა. მოგიწოდებთ, რომ წაშალოთ სიტყვა „საქართველო“ ამ აბზაციდან. რაც შეეხება 22-ე პუნქტს, აქაც მაშფოთებს, რომ ამ პუნქტში არ არის ნახსენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, რაც არაერთხელ აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის მიერ და საქართველოში თქვენი ბოლო ვიზიტისას. რაც შეეხება გამოძიების შესახებ მოწოდებას, გამოძიება დაწყებულია და რამდენიმე დამნაშავე პასუხისგებაში უკვე მიეცა. ობიექტურობისთვის ეს პუნქტები უნდა აისახოს ამ რეზოლუციაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ასამბლეაზე ჩანს ძალიან სახიფათო პრეცედენტი, როცა ბრალდებებს ფაქტებად გარდაქმნიან.

„ეს ძირს გამოუთხრის ამ ორგანიზაციის სანდოობას, რაც უკვე არც ისე კარგ მდგომარეობაშია, ზოგიერთი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფონზე. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, არ მოხდეს მანიპულაცია და ერთი მისიის მიგნებები მეორეში არ ავურიოთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი წარადგინა. პროექტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

მსგავსი