ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი და მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში, არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი
ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი და მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში, არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი

ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ძალიან მკაფიო დადასტურება, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე მნიშვნელოვანია ვაჭრობის განვითარება“, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ლონდონში გამართულ შეხვედრებზე დისკუსიები გაიმართა უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ბრიტანელ კოლეგებს რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში საქართველოთი დაინტერესება ძალიან დიდია.

„ეს ნაწილი საპარლამენტო შეხვედრების ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა ნატო-ში და ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზეც გვქონდა საუბარი, თუ როგორ შეიძლება დავაჩქაროთ ეს პროცესი. ჩვენ მათ გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე ვითარება და ის პოლიტიკა, რომელიც ოკუპაციიდან უკვე ანექსიის პოლიტიკაში გადადის. დაინტერესება საქართველოთი დიდ ბრიტანეთში ძალიან დიდია და ინფორმირებულობის დონეც არის ძალიან მაღალი. მათ ძალიან კარგად იციან არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, არამედ ზოგადად, შავი ზღვის და მთლიანად ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღეს დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, თუმცა საპარლამენტო დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში რჩება და განაგრძობს შეხვედრებს. დაგეგმილია შეხვედრები დიდ ბრიტანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სავაჭრო პალატისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.