ნიკოლოზ სამხარაძე - მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საგარეო უწყებისგან საკადრისი პასუხი მიიღო
ნიკოლოზ სამხარაძე - მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საგარეო უწყებისგან საკადრისი პასუხი მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისივე მოქალაქეს საკადრისი პასუხი გასცა, თუ როგორ უნდა მოიქცეს, სხვა სახელმწიფოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა, თუმცა სააკაშვილმა უკრაინის საგარეო უწყებისგან საკადრისი პასუხი მიიღო.

„ასევე განცხადებაში ძალიან მენიშნა ფრაზა, რომ ჩვენ არ უნდა მოვცდეთ სააკაშვილის განცხადებების განსახილველად და ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ რუსული საფრთხე, აგრესია საქართველომ და უკრაინამ მოვიგერიოთ. შესაბამისად, ამ პასუხს არანაირი დამატება აღარ სჭირდება, რადგან ძალიან მკაფიო და ნათელია. უკრაინელ კოლეგებს ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ მათ პოზიცია დაეფიქსირებინათ, პროცესი აქამდე არ მოსულიყო. ყოფილი პრეზიდენტი მათ ელჩსაც დაესხვა თავს და კორუმპირებული, მექრთამე უწოდა. სამწუხაროა, რომ ეს საქმე აქამდე მივიდა, მაგრამ უკრაინის საგარეო უწყების დღევანდელი პასუხი საკადრისია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს.

სააკაშვილი კომენტარს აკეთებს უკრაინის ელჩის განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.

„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს, თავი შეიკავოს მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დამოურჩლებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის მისამართით ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ბრალმდებლის ემოციების გარდა, უკრაინული დიპლომატია ამაზე არ მოცდება.