ნიკოლოზ სამხარაძე - მე-18 დაწესებულებიდან სააკაშვილის სხვაგან გადაყვანა არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, არანაირი საერთო აღარ აქვს არც ჯანმრთელობასთან, არც ექიმების დასკვნასთან, ეს არის პოლიტიკური ახირება
ნიკოლოზ სამხარაძე - მე-18 დაწესებულებიდან სააკაშვილის სხვაგან გადაყვანა არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, არანაირი საერთო აღარ აქვს არც ჯანმრთელობასთან, არც ექიმების დასკვნასთან, ეს არის პოლიტიკური ახირება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგანია და ამას არანაირი საერთო აღარ აქვს არც ჯანმრთელობასთან, არც ექიმების დასკვნასთან, არამედ არის პოლიტიკური ახირება.

„ექიმების პირველ კომენტარში საუბარი იყო, რომ მე-18 დაწესებულება კარგად აღჭურვილია, იქ არიან კვალიფიციური ექიმები და შეთამაშების პრობლემა არისო. ეს საფეხბურთო კლუბია, შეთამაშების პრობლემა რომ ჰქონდეთ ექიმებს? გამოყოფილია ექიმები, რომელთაც აქვთ ცოდნა და გამოცდილება. თურმე, ეს ადამიანები რესპუბლიკური საავადმყოფოდან კონტრაქტით არიან გადაყვანილი. გამოცდილება, რაც მათ რესპუბლიკურ საავამყოფოში ჰქონდათ, ციხის საავადმყოფოში არ გადმოყვებათ? გამოცდილება სად წავიდა? თუ აპარატურა კარგია, მაშინ დგას კითხვა მიხეილ სააკაშვილის სხვაგან გადაყვანაზე? ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და ამას არანაირი საერთო აღარ აქვს არც ჯანმრთელობასთან, არც ექიმების დასკვნასთან, ეს არის პოლიტიკური თამაშები და პოლიტიკური ახირება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია გორის ჰოსპიტალის აღჭურვილობასა და ფუნქციურ დატვირთვაზე, თუმცა აღნიშნულ ჰოსპიტალთან დაკავშირებით აბსურდულ ვერსიაზეა საუბარი, რაც უკვე ტრაგიკომიკურია.

„რაც შეეხება გორის ჰოსპიტალს, არ მაქვს ინფორმაცია მის აღჭურვილობაზე, ექიმებსა და ფუნქციურ დატვირთვაზე, თუმცა გავიგეთ აბსურდული ვერსია, რომ თურმე, გორის ჰოსპიტალს კოკოითის რაზმები ეცემიან და მიხეილ სააკაშვილს წაიყვანენ. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, ტრაგიკომიკურია“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

ამასთან, მედიკოსთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მე-18 დაწესებულება არ არის მზად, კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან ჰქონდა საუბარი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და ურჩია, რომ გადაყვანის გადაწყვეტილების შემთხვევაში, უარი თქვას გორის ჰოსპიტალზე.

„მან მკითხა გორის ჰოსპიტალის შესახებ, მივეცი რჩევა, რამე რომ იყოს, უარი თქვას იქ გადაყვანაზე. გორის ჰოსპიტალის შექმნასა და დაგეგმარებაში ვმონაწილეობდი მეც, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წელს ომის დროს, მაგრამ გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი ასეთი ავადმყოფებისთვის“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.