ნიკოლოზ სამხარაძე - მაუწყებლობის კანონპროექტი დაეყრდნო ევროკავშირის დირექტივას, ნათელი იყო, რომ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი ამას იტყოდა, ოპოზიცია უაზრო ქმედებებით ყოველ ჯერზე მარცხდება
როგორც ყოველთვის, ახლაც ოპოზიციამ ის ტყვია გაისროლა, რომელიც, სხვათა შორის, მათ არსენალში უთავდებათ, რადგან რამდენჯერაც გაისროლეს, იმდენჯერ ფუჭი გასროლა გამოუვიდათ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ამ შემთხვევაშიც საერთოდ აცდენილი არიან რეალობას, რადგან აღნიშნული კანონპროექტი ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწერა.
„ფაქტობრივად, ყოველ სამ დღეში იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს კანონპროექტი დაეყრდნო ევროკავშირის დირექტივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს. ამ შემთხვევაშიც ნათელი იყო, რომ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი გამოვიდოდა და იტყოდა, რაც ასეც მოხდა. ოპოზიციას თავისი სტრატეგია ძალიან არასწორად აქვს შერჩეული და ყოველ ჯერზე მარცხდებიან უაზრო ქმედებებით. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც პრობლემებს გვიქმნის, მთავარია, იმ გზაზე ვიაროთ, რაც დასახული გვაქვს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა: „გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა“.