ნიკოლოზ სამხარაძე - მართლა გაუგებარია, რა გახდა უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზი, გვინდა, გავიგოთ, რით არიან უკმაყოფილო, ეს თუ მოხალისეების გაგზავნას ეხება, საქართველო მათ ხელს არ უშლის
ნიკოლოზ სამხარაძე - მართლა გაუგებარია, რა გახდა უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზი, გვინდა, გავიგოთ, რით არიან უკმაყოფილო, ეს თუ მოხალისეების გაგზავნას ეხება, საქართველო მათ ხელს არ უშლის

მართლა გაუგებარია, რა გახდა უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზი, გვინდა, გავიგოთ, რით არიან უკმაყოფილო, ეს თუ მოხალისეების გაგზავნას ეხება, საქართველო მათ ხელს არ უშლის, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, ელჩის გაწვევა იმ მიზეზებით, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა, არის სრულიად გაუგებარი იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა.

„მით უფრო გაუგებარია, როცა მსგავსი განცხადებებით ბევრი ქვეყანა გამოვიდა. მით უმეტეს, უკრაინის სახმელეთო მეზობელი ქვეყნები. ამ ქვეყნებიდან ელჩები ჯერ კიდევ არ არიან გაწვეული, ეს ჩვენთვის კითხვებს იწვევს. ჩვენი ელჩი იქნება კიევში, მუშაობას გააგრძელებს და ჩვენი მხარდაჭერა არ შეიცვლება. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში. იგორ დოლგოვი პარლამენტში წინა კვირაში იყო, უკრაინის საელჩოს არაერთი განცხადება იყო, სადაც ხელისუფლებას მადლობას უხდიდნენ. აქედან გამომდინარე გაუგებარია, ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ჩვენი მხრიდან კითხვები არის შემდეგში – რა მიზეზით არის გაწვეული ელჩი მაშინ, როცა ანალოგიური განცხადება გააკეთა ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის მოლდოვამ, ისრაელმა, რომლებიც ახლო პარტნიორები არიან უკრაინის და მათ მიმართ ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაბამისად, მართლა გაუგებარია, რა გახდა ამის მიზეზი. დიპლომატიურ ენაზე ელჩის გაწვევა ნიშნავს, რომ რაღაცით ქვეყანა უკმაყოფილოა. შესაბამისად, ჩვენც გვინდა გავიგოთ, რითია უკმაყოფილო – თუ ეს მოხალისეების გაგზავნას ეხება, საქართველო მოხალისეების გაგზავნას ხელს არ უშლის. თუ ვინმეს სურს წასვლა, მას შეუძლია, აიღოს ბილეთი და წავიდეს, თუმცა სახელმწიფო მებროლებს არ გააგზავნის, რადგან ეს იქნება ჩვენი მხრიდან ომში ჩართვა და ოკუპირებული ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის ჯარი დგას თბილისიდან 30 კილომეტრში და ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრში, ამ ომში ჩართვა იქნება დამანგრეველი. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველო ამ ომში არ იყოს ჩართული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. „დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.