ნიკოლოზ სამხარაძე – მარტა კოსის განცხადება უცნაური იყო, ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ჰქონდეს მეგობრული კავშირები
ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასა თუ ადმინისტრაციასთან შეიძლება, ჰქონდეს მეგობრული კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძემ კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
„ამ შემთხვევაში საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც ევროკავშირის მთავარი პარტნიორია და ევროპაში უსაფრთხოების მთავარი გარანტორია. აქედან გამომდინარე, მარტა კოსის განცხადება უცნაური იყო. მარტა კოსს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არ უსაუბრია, რომლებსაც შეიძლება, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ჰქონდეთ. აქაც დაყოფას ვხედავთ პირველი და მეორე კლასის ქვეყნებად. ვინც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, თურმე მისთვის ამერიკასთან ურთიერთობა დაშვებულია, ვინც კანდიდატია, მათთთვის დაუშვებელია, რომ ამერიკის ხელისუფლებასთან იმეგობროს. ეს ევროკავშირისთვის ცუდია, რადგან კანდიდატ ქვეყნებში გაბრაზებას და აღშფოთებას იწვევს, კიდევ უფრო მეტად კი ევროკავშირის იმიჯს ლახავს და ადამიანებში განცდას აჩენს, რომ ევროკავშირს, შეიძლება, გაფართოება რეალურად არც უნდოდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.