ნიკოლოზ სამხარაძე – მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას
მარტა კოსის განცხადება საგულისხმოა. ფაქტობრივად, ეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და მათთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს, რადგან MAGA-ს ფილოსოფია მომდინარეობს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძემ კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი პრეზიდენტად სწორედ ამ ფილოსოფიით და ამ სლოგანით მოვიდა.
„ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც იმეგობრებს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის. მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას“, – განაცხადა სამხარაძემ.