ნიკოლოზ სამხარაძე - მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე მახსენდება ანდაზა, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო
ნიკოლოზ სამხარაძე - მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე მახსენდება ანდაზა, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო

ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. მამუკა ხაზარაძეს ამ თემებზე საუბარი თუ სურდა, ამისთვის საუკეთესო ადგილი არის საქართველოს პარლამენტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სადაც საგარეო პრიორიტეტები იხილება ხოლმე, – ამის ესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, არ იცის, პარლამენტის მანდატის დატოვება და ამ თემებზე მუშაობა ერთად როგორ ხდება.

„პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში სწორედ ეს საკითხები გვაქვს განსაზღვრული – ამერიკასთან უსაფრთხოების გაღრმავება, თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობა. საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს და მამუკა ხაზარაძეს შემოერთება თუ უნდა, პირიქით, მივესალმებით. პარლამენტის მანდატის დატოვება და ამ თემებზე მუშაობა, ერთად როგორ ხდება, ვერ გეტყვით. ეს საკითხები მარტივი არ არის და დეტალურ მუშაობას ითხოვს ამერიკულ მხარესთან, რადგან თავად ამერიკული მხარე უნდა იყოს თანახმა. დღეს ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ხვალ და ზეგ მოხდეს, თუმცა სურვილი, რომ საქართველოს უსაფრთხოებაში ამერიკის შეერთებული შტატები მეტად იყოს ჩართული, აქვს არა მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, არამედ მოსახლეობას. ამ თემებზე მუშაობა სიღრმისეულად უნდა მოხდეს და არა სადღეგრძელოების დონეზე.

რაც შეეხება ლუსტრაციის კანონს, როგორც მახსოვს, ლუსტრაციის კანონზე მუშაობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და კანონი ვერ მიიღეს, რადგან რეალურად არ არსებობს ის არქივები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ დღეებში ქვეყნიდან გატანილი იყო და ამ კანონის მიღებითაც კი ვერ გავარკვევდით, ვინ თანამშრომლობდა საბჭოთა სპეცსამსახურებთან და ვინ – არა. თუ ამ კანონის მიღება ქვეყანას რაიმე სარგებელს მოუტანს, მივესალმებოდი, მაგრამ უნდა ავწონ-დავწონოთ, რა ინფორმაციას ვფლობთ. თუ ლუსტრაციის კანონი არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსებისგან და საჯარო მოხელეებისგან დაგვიცავს, ამაზე მსჯელობა შეიძლება და განხილვაში სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუ ეს ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებით გარანტიებს მოუტანს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ლელოს“ლიდერმა,  მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ მძლავრი პლატფორმის შექმნა.