ნიკოლოზ სამხარაძე ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ფრანსუა ბაუსხთან.

„შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ვიცე-პრემიერს საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ესაუბრა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს როლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

ლუქსემბურგულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.

„ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. გვქონდა საგნობრივი განხილვა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მასპინძელმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს როგორც ნატოს წევრობას, ასევე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. დაინტერესდნენ საქართველოს ხედვით ევროპული უსაფრთხოების შესახებ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.