ნიკოლოზ სამხარაძე ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას.

„საქართველოს ელჩ სოფიო ქაცარავას ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ბრიტანეთში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. შევხვდით ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, უკრაინის, ლიეტუვისა და ლატვიის ელჩებს, რომელთაც დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. საუბარი ძირითადად შეეხო უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას. მათ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები. საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა უკრაინის ელჩთან“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი – ლევან მახაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.