ნიკოლოზ სამხარაძე - ჯეიმს აპატურაიმ დიდი კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების მიმართ
ნიკოლოზ სამხარაძე - ჯეიმს აპატურაიმ დიდი კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების მიმართ

ჯეიმს აპატურაიმ გამოთქვა დიდი კმაყოფილება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველომ წლების განმავლობაში გაატარა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა სასამართლო რეფორმები იყო.

„სასამართლო რეფორმის საკითხი ოპოზიციონერმა კოლეგებმა დააყენეს და განმარტებული იყო, როგორც არის ვალდებულება აღებული. სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი დეტალურად იმუშავებს იმ საკითხებზე, რომელიც მესამე და მეოთხე ტალღის შედეგად გვაქვს მიღებული. აქედან გამომდინარე, თუ რაიმე საკითხებია დარჩენილი, რომელიც კიდევ საჭიროებს საკანონმდებლო დახვეწას, ამაზეც ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, წარმოუდგენს პარლამენტს და ამ ყველაფრისთვის ვადა გვაქვს – 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. ამ ყველაფერზე იყო შეხვედრაზე საუბარი.

ჯეიმს აპატურაის მხრიდან გამოთქმული იყო დიდი კმაყოფილება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველომ გაატარა ამ წლების განმავლობაში. ასევე, მადლობა გადაგვიხადა ქართველ ხალხს ნატო-ს სახელით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. ასევე აღგვითქვა, რომ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველზე, ალიანსის ჩართულობა როგორც საქართველოში, ასევე შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და საქართველო, რა თქმა უნდა, გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და დასაჩქარებლად საჭიროა, საქართველომ იმუშავოს თავის პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.