ნიკოლოზ სამხარაძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორ მუშაობს ხელისუფლება საერთაშორისო სტრუქტურებთან 2008 წლის დანაშაულების გამოსაძიებლად
ნიკოლოზ სამხარაძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორ მუშაობს ხელისუფლება საერთაშორისო სტრუქტურებთან 2008 წლის დანაშაულების გამოსაძიებლად

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორ მუშაობს ხელისუფლება საერთაშორისო სტრუქტურებთან 2008 წლის დანაშაულების გამოსაძიებლად, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქმის წარმატებით დასრულება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ვულოცავთ ყველას, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰააგის სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელმაც სამი ადამიანი გაასამართლა 2008 წლის ომში საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ომის დანაშაულების გამო. მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ჩვენს ძვირფას ოპოზიციას, რომ ამ საქმის ასე დამთავრება ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან გამოძიებასთან თანამშრომლობა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას ისტერიკა, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეწეოდნენ გამოძიების პროცესში, როდესაც აბსურდულ, დაზეპირებულ ფრაზებს იმეორებდნენ, თითქოს „ქართული ოცნება“ საერთაშოროსო სასამართლოსთან ერთად მუშაობს, რათა საკუთარი ჯარისკაცები „გაწიროს“. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რამდენად მტრულად ექცევიან საკუთარ სახელმწიფოს, რა განზრახვები აქვთ საკუთარი სახელმწიფოს მიმართ. კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორ მუშაობს ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო სტრუქტურებთან, რათა 2008 წლის დანაშაულები ბოლომდე იქნას გამოძიებული. შეგახსენებთ, ეს არის მეორე საქმე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ მოიგო. პირველი საქმე სტრასბურგში შარშან იყო. ეს ყველაფერი არის ლუსტრირება და ნათელის მოფენა, ერთი მხრივ, როგორ მუშაობს ჩვენი ხელისუფლება და რას აკეთებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, მეორე მხრივ, რას აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.