ნიკოლოზ სამხარაძე - შევეცდებით, მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ გერმანიის მხრიდან, რადგან ამ ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 
ნიკოლოზ სამხარაძე - შევეცდებით, მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ გერმანიის მხრიდან, რადგან ამ ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 

გერმანიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან გამართავს.

როგორც საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ვიზიტის მთავარი ამოცანა არის გერმანელი პარტნიორების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში და როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს.

„შევეცდებით, მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, რადგან გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის როგორც კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში, ასევე შემდგომ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, გვექნება 15-მდე შეხვედრა, შევხვდებით ბუნდესტაგის პრეზიდენტს, კომიტეტების თავმჯდომარეებს. გვექნება შეხვედრები როგორც პოლიტიკურ პარტიებთან და ფონდებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. გარდა ევროპული ინტეგრაციისა, ჩვენი ვიზიტის ამოცანა არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება. გერმანია ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და, შესაბამისად, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.