ნიკოლოზ სამხარაძე - ფრანგი კოლეგები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებას ევროკომისია პოზიტიურად შეაფასებს
ნიკოლოზ სამხარაძე - ფრანგი კოლეგები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებას ევროკომისია პოზიტიურად შეაფასებს

ფრანგ კოლეგებს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ უკვე გაატარა და იმ პროგრესზე, რაც გვაქვს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, შეხვედრებზე ქართულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მიიღოს არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ გაითვალისწინოს ის დამსახურება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს.

„ასევე, საუბარი იყო უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ირგვლივ არსებობს და ასევე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. ჩვენს ფრანგ კოლეგებს ჰქონდათ კითხვები რუსეთთან დაკავშირებით, იმავე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე. ასევე, ძალიან ბევრი კითხვა იყო საქართველოს როლზე სამხრეთ კავკასიაში, მასტაბილიზებელ და მშვიდობისმყოფელ როლზე, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კონტექსტში. ჩვენ მათ ეს ინფორმაცია ამომწურავად მივაწოდეთ. ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მიიღოს არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ გაითვალისწინოს ის დამსახურება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს, თუმცა ჩვენ ასევე ვიგრძენით პოზიცია, რომ საფრანგეთში ძალიან კარგად აცნობიერებენ იმას, რომ საქართველო დღემდე არის ლიდერი და რეფორმების თვალსაზრისით ბევრი რამ გავაკეთეთ, ამას ეჭვქვეშ არავინ არ აყენებს. შემდეგი გზავნილი იყო, რომ როგორც კი მოვრჩებით ევრორეკომენდაციების შესრულებას, იმედს გამოთქვამენ, რომ ამას ევროკომისია პოზიტიურად შეაფასებს და ამის შემდეგ საქართველოსთვის არანაირი წინააღმდეგობა როგორც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე შემდგომ ნაბიჯებზე აღარ უნდა იყოს.

საფრანგეთის პოზიცია მოვისმინეთ, რომ, პოლიტიკური მრწამსის განურჩევლად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ყველამ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა სამხარაძემ.