ნიკოლოზ სამხარაძე - ფინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მათი სრული მხარდაჭერა გვაქვს
ნიკოლოზ სამხარაძე - ფინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მათი სრული მხარდაჭერა გვაქვს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ფინეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს ევროპულ საკითხებში, იარი ლუოტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, მათ შორის საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს სტატუსი გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ მიეცეს.

„ფინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გვქონდა დისკუსია, რატომ მოხდა დიფერენცირება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შორის. ფინურმა მხარემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი იქნება განხილული საბჭოს სხდომაზეც, რომელიც 24 ივნისს გაიმართება და შესაბამისად, ამ მიმართულებით უფრო მკაფიო განმარტებები გაკეთდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ფინეთის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და მადრიდის სამიტი, რომელზეც ორივე ქვეყანა დიდ იმედებს ამყარებს.

ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრებზე ხაზი გაუსვა, რომ მადრიდის სამიტზე უფრო მკაფიო უნდა გახდეს საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების დეტალური გეგმა.

ფინეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი საქართველოს ერთგულნი არიან ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნეს, რომ ორივე მიმართულებით საქართველოს ფინეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.