ნიკოლოზ სამხარაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა საშუალებას იძლევა, დღის წესრიგში საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხები იქნას დაყენებული, მათ შორის მთავარი დეოკუპაციაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა საშუალებას იძლევა, დღის წესრიგში საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხები იქნას დაყენებული, მათ შორის მთავარი დეოკუპაციაა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოს სამხარაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტისთვის, როგორც ინსტიტუციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი წევრი ირაკლი კობახიძე უკვე მეორედ აირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ძალიან მაღალი ტრიბუნა საქართველოსთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების დასაყენებლად იქნას გამოიყენებული.

„ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა საშუალებას იძლევა, რომ მან დღის წესრიგში დააყენოს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოსთვის საჭირბოროტოა. მათ შორის, რა თქმა უნდა, მთავარია, დეოკუპაცია, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების საკითხი და იქ არსებული ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გაუსაძლისი მდგომარეობა. ასევე, მას შეეძლება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ძალიან მაღალი ტრიბუნა საქართველოსთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის დასაყენებლად გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან სასიხარულო და მისალოცი ამბავი“, – განაცხადა სამხარაძემ.

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.