ნიკოლოზ სამხარაძე – მიუღებელია, რომელიმე ევროპარლამენტარის მხრიდან იყოს მსგავსი ტიპის რიტორიკით ჩარევა შიდა საქმეში, მაკალისტერმა მიპასუხა, რომ კრიტიკა მიღებულია და დაელაპარაკებიან პოლიტიკოსებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ

21:02, 20.07.2022

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კომიტეტის წევრებთან ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა სრულად დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

„ამ შეხვედრაზე არ გვილაპარაკია შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, საუბარი სრულად დაეთმო საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიაში, როგორც მშვიდობის მედიატორის, ჩვენს მოლოდინებს, თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს ომი უკრაინაში, რა საფრთხეებს შეიძლება, უქადდეს ეს ომი საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს, როგორ ხდება ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ამ საფრთხეების არიდებასა და საფრთხეების აცილებაზე მუშაობა, როგორ შეიძლება, ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს იყო ის ძირითადი თემები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რადგან სტუმრებს აინტერესებდათ ზუსტად ეს საკითხები, საქართველოს ადგილი რეგიონში, მის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა და როგორ შეიძლება, ევროკავშირი დაეხმაროს საქართველოს ამ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე თავად განაცხადა, რომ მიუღებელია, რომელიმე ევროპარლამენტარის მხრიდან იყოს ჩარევა შიდა საქმეებში.

„მე დავაყენე ეს საკითხი, ვუთხარი, რომ ჩემთვის, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის და ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელია, რომ რომელიმე ევროპარლამენტარის მხრიდან იყოს მსგავსი ტიპის რიტორიკა და მსგავსი ტიპის რიტორიკით ჩარევა. ჩემი კოლეგისგან, ბატონი მაკალისტერისგან მივიღე ასე ვთქვათ პასუხად, რომ ეს კრიტიკა მიღებულია და ისინი ამის შესახებ დაელაპარაკებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ამ შემთხვევაში, როდესაც ამ საკითხზე ვისაუბრე, არ მიგულისხმია ვიოლა ფონ კრამონი. ზუსტად ეს ვუთხარი, როდესაც რომელიმე ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც პირადად ჩემთვის, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის, იქნება შეურაცხმყოფელი, მე მას პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ. ეს ჩვეულებრივად მიიღეს კომიტეტის წრვრებმა, რადგან როდესაც შენ შეიძლება, დაგიძახონ მოღალატე ან რუსეთის ინტერესების გამტარებელი, მე მაქვს უფლება, ამას ასეთივე მძაფრად ვუპასუხო. შესაბამისად, მე მათ ეს ვუთხარი. ეს ჩვეულებრივად იქნა მიღებული და აღქმული. მითხრეს, რომ ეს მისაღები და გასაგებია. მე არ მინდა, ახლა საჯარო სივრცეში იმ ადამიანებზე საუბარი, ვისზეც იყო ეს განცხადება გაკეთებული, თუმცა მათ ეს იციან, მე მათ ეს ვუთხარი. შესაბამისად, მივიღე ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომ ეს მართლაც მიუღებელია და ამაზე ისინი დაელაპარაკებიან საკუთარ კოლეგებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, კითხვაზე საპასუხოდ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ სურთ.

„არც ევროპარლამენტს არ უნდა, არც ევროკომისიას და არც ევროსაბჭოს, არც ბიუსელს და არც არავის. არც კელი დეგნანს. თქვენ სად მოგისმენიათ რომელიმე განცხადება ჩემი, თუნდაც, ჩემი თანაგუნდელების მხრიდან, ამომიღეთ ერთი ციტატა „ქართული ოცნების“ დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. აი, ეს ციტატა ამომიღეთ, მომიტანეთ და კიბატონო, გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, სადაც „ქართული ოცნების“ რომელიმე პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, ასეთი რამ არ არსებობს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „როგორ აფასებთ იგივე კრამონის განცხადებას, რომ საქართველოში არ ჩამოსულან, რათა ქვეყანა ომში ჩართონ“, – ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, არ არსებობს „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს.

„სამწუხაროდ, მე არ ვიცი, აქედან ვინ თარგმნის ამ განცხადდებებს, თუ ვინ აწვდის ამ განცხადებებს. მათაც გვითხრეს, რომ ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ თქვენი მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები. მე ვუთხარი, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. თუ შეგიძლიათ, მომიტანეთ ერთი ციტატა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს, არ არსებობს ასეთი ციტატა და ნუ აბუქებთ თქვენ. სხვათაშორის, თქვენი, მედიის პასუხისმგებლობაცაა, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისევე გაიტანოთ საზოგადოებასთან, როგორც კეთდება, პერიფრაზი რა იყო და ვინ რა იგულისხმა, ვის რა აზრი აქვს, ეს უკვე ცალკე თემაა და ეს განსაჯონ თვითონ მაყურებლებმა.

სხვადასხვა წყაროდან მიეწოდებათ მათ ინფორმაცია, შესაბამისად, ეს ინფორმაცია ხან არის დამახინჯებული, ხან არის ობიექტური, ხან აკლია რაღაც დეტალი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იმ დეტალის გამორჩენით შეიძლება, სურათი სრულად სხვანაირად დაინახონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გვქონდეს კონტაქტი ამ ადამიანებთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები და მხარდამჭერები. ჩვენი საელჩოც მუშაობს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, რადგან მათ უწევთ სწორედ ამ ძალიან დიდი დეზინფორმაციის ტალღის წინააღმდეგ მუშაობა ბრიუსელში, რაც დამეთანხმებით, რომ ადვილი საქმე არ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, „თქვენი აზრით, ახლაც ეს მოცემულობაა, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება, მოგვცენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომში ჩავებმევით?“, – ნიკოლოზ სამხარაძე პასუხობს: „მხოლოდ არა და ეს არ არის მთავარი განმსაზღვრელი. გაგახსენებთ, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი, ეს საუბარი. ეს იყო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც მაშინ თქვა, რომ უკრაინას და მოლდოვას იმის გამო, რომ დღეს ომში არიან, მორალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ და მივცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საკითხები, რომლებიც დაგვიყენეს, სხვათაშორის, იგივე პირობები აქვთ დაყენებული უკრაინასაც და მოლდოვასაც. 90 პროცენტი ამ პირობების არის იდენტური. ამ პირობების შესრულების შემდეგ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. სექტემბრისთვის ველოდებით ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშს, შემდეგ დეკემბრისთვის ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშს, რომელიც შეაფასებს ჩვენი განაცხადის დიდ ნაწილს, რომელშიც ჩვენ ვართ ძალიან წინ. ამას თან მიყვება ამ პუნქტების შესრულებაც და იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ უკვე საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას წინ ვეღარაფერი დაუდგება“.

მსგავსი