საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკ ევროპარლამენტარს, ბრანისლავ ონდრუშს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხალ სტუშკა მონაწილეობდნენ.
„მხარეებმა შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრისას განიხილეს ევროპარლამენტში ბოლო დროს მიღებული რეზოლუციები და აღნიშნეს, რომ ეს რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებაში არის უსამართლო და რეალობას არ ასახავს.
ბრანისლავ ონდრუშის განცხადებით, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა დაიწყონ რაციონალური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარება და უკრაინაში მიმდინარე ომის საფრთხეები საქართველოსთვის“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.