ნიკოლოზ სამხარაძე - ერთიორად იზრდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი ევროკავშირისთვის, ევროკავშირი რაც მალე დაუბრუნდება საკუთარი ინტერესების დაცვას, მით უკეთესი
ერთადერთ უსაფრთხო წერტილად ვრჩებით, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. აქედან გამომდინარე, ერთიორად იზრდება საქართველოს როლი ევროკავშირისთვის ენერგეტიკული და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან როგორც კრიტიკული საკითხების, ასევე ორმხრივი ინტერესების განხილვისთვის.
„საქართველოს გეოპოლიტიკური როლი განუხრელად იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში არის ფართო კონფლიქტი და უამრავი დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ევროკავშირზე, საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს. ერთადერთ უსაფრთხო წერტილად ვრჩებით, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. აქედან გამომდინარე, ერთიორად იზრდება საქართველოს როლი ევროკავშირისთვის როგორც ენერგეტიკული, ასევე პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით. ამ ინტერესების გამომხატველი იყო, რომ ძალაში შევიდა შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით დაფინანსებაზე გადაწყვეტილება. ეს მანიშნებელია, რომ ევროკავშირს კარგად აქვს გათავისებული, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო თავისი უსაფრთხოებისთვის. ამიტომ რაც მალე დაუბრუნდება ევროკავშირი საკუთარი ინტერესების დაცვას, რაშიც აუცილებლად შედის საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღება, მით უკეთესი ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მზად ვართ ევროკავშირთან როგორც კრიტიკული საკითხების, ასევე ორმხრივი ინტერესების განხილვისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.