ნიკოლოზ სამხარაძე - დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ ეს განცხადება გავრილოვს უნდა გაეკეთებინა, ჰგონიათ, ამით მელიას საქმეს გადაფარავენ
ნიკოლოზ სამხარაძე - დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ ეს განცხადება გავრილოვს უნდა გაეკეთებინა, ჰგონიათ, ამით მელიას საქმეს გადაფარავენ

დღეს დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ ეს განცხადება გავრილოვს უნდა გაეკეთებინა. ჰგონიათ, ამით მელიას საქმეს გადაფარავენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, 20 ივნისს პარლამენტში შეჭრაზე არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, მთელი საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს.

„დაურეკეს გავრილოვს, ჩააწერინეს ეს ინტერვიუ. შესაბამისად, ვისაც აინტერესებს გავრილოვის აზრი, მანვე უსმინოს. 20 ივნისს პარლამენტში შეჭრაზე მარტო ჩვენ ვლაპარაკობთ, თუ მთელი საერთაშორისო საზოგადოება? წაიკითხეთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნები“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გავრილოვის კომენტარი ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“.

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს კი, შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. მელიას განმარტებით, „სერგეი გავრილოვის განცხადება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ დასასჯელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.