ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს, მათ შორის, თავდაცვის, უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, განათლების, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური კომუნიკაციისა და „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

ელჩის თქმით, დიდი ბრიტანეთის საელჩო რეზოლუციას მიესალმება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების აღსრულებაში დახმარებას გაუწევს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებზე კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რეგიონში არსებული მდგომარეობა.

„ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ კლეიტონს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისთვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.