ნიკოლოზ სამხარაძე - დიალოგი ამ კვირაში გაიმართება, მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და დიდი იმედით ვუყურებ
ნიკოლოზ სამხარაძე - დიალოგი ამ კვირაში გაიმართება, მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და დიდი იმედით ვუყურებ

დიალოგი ამ კვირაში გაიმართება, მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და დიდი იმედით ვუყურებ, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის საქართველოში გამოგზავნა ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია.

„კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა ძალიან კარგია. ევროკავშირი თავის სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს, რათა საქართველოში დაპირისპირება და ესკალაცია საბოლოოდ აღმოიფხვრას. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა. არ მახსენდება, უახლოეს წარსულში ევროკავშირს ასეთი ტიპის მედიაცია წარემართოს რომელიმე სხვა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი ბევრ სახელმწიფოშია. ეს ძალიან კარგი სიგნალია იმისკენ, რომ ევროკავშირს საქართველო სჭირდება. ის, რომ საქართველოში იყოს სტაბილური და მშვიდი გარემო. ასევე სიგნალია ხელისუფლებისთვისაც და  ოპოზიციისთვის, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დიალოგის გზით ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ და მშვიდობიანი განვითარება გავაგრძელოთ.

ამ დიალოგს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და მის დაწყებას ძალიან დიდი იმედით ვუყურებ. დიალოგი ამ კვირაში შედგება, პირველი შეხვედრები ყველა შემთხვევაში უნდა გაიმართოს მომავალი კვირის ორშაბათამდე. იმედი მაქვს, რაღაც ხელშესახები შედეგი პირველსავე შეხვედრაზე იქნება. ჩვენი მოლაპარაკების საგანი იქნება ის ხუთი საკითხი, რომელიც იყო შეთანხმებული შარ მიშელთან, მე-6 პუნქტი მედიაციის გაგრძელებას ეხება“, – განაცხადა სამხარაძემ

მან ასევე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით.

„ევროპარლამენტარები ერთხმად მოუწოდებენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მათი მთავარი ვალია, ქვეყანაში სიტუაცია დაასტაბილურონ, კრიზისიდან გამოსავალი იპოვონ. საპარლამენტო სტრუქტურების გაძლიერებაზე იყო საუბარი, რომ ერთად იმუშაონ, რათა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს გაუძლოს და ამ გამოწვევებიდან გამარჯვებული გამოვიდეს. 15 გამომსვლელი იყო და ამ გამომსვლელების უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამას ამბობდა“, – განაცხადა სამხარაძემ.