ნიკოლოზ სამხარაძე - დარჩიაშვილისა და კულებას შეხვედრა არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ დიპლომატიის მხრივ ურთიერთობები მაღალ დონეზეა, გაუგებრობებს კი იწვევს კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებები
ნიკოლოზ სამხარაძე - დარჩიაშვილისა და კულებას შეხვედრა არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ დიპლომატიის მხრივ ურთიერთობები მაღალ დონეზეა, გაუგებრობებს კი იწვევს კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებები

ილია დარჩიაშვილისა და დმიტრო კულებას შეხვედრა არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ დიპლომატიის მხრივ ურთიერთობები მაღალ დონეზეა, გაუგებრობებს კი იწვევს კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამხარაძის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები. ჩვენ ვიცით, რომ ეს გაუგებრობები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არ მომდინარეობს და არის კონკრეტული პირების, პოლიტიკოსების განცხადებები, რომელიც ამ გაუგებრობას იწვევს. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროების ურთიერთობას და ზოგადად, საგარეო გუნდებს შორის ურთიერთობას საქართველოსა და უკრაინას შორის, როგორც სამინისტროს დონეზე, ასევე საპარლამენტო დონეზე, შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართებით ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ისევე როგორც მინისტრს თავის კოლეგასთან. მე ჩემს კოლეგასთან მაქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები, ერთად ვმუშაობთ ძალიან ბევრს საკითხზე და ეს შეხვედრა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ დიპლომატიის დონეზე ჩვენს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა. ჩვენ ერთნაირი გამოწვევები და ერთნაირი მიზნები გვაქვს, სწორედ ამ მიზნებზე საუბარს შეეხებოდა ეს შეხვედრა. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა ჩვენი და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.