ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ოპოზიცია როცა არ იმჩნევს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბეჩავ მდგომარეობას
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი არ არის უმნიშვნელო მოვლენა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი სუპერსახელმწიფო და საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ოპოზიცია ასეთი ვიზიტის არსებობას როცა არ იმჩნევს, „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბეჩავ მდგომარეობას“.
„ასეთი ვიზიტის არსებობას როდესაც არ იმჩნევ, ეს, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული ქმედებაა, რათა შენს მაყურებელს არ მიაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში. გასაგებია, რომ მათ არ ახარებთ საქართველოს ნებისმიერი წინსვლა და წარმატება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა მსგავსი ქმედება სრულიად გაუგონარი და მიუღებელია. მგონი, უნდა ხვდებოდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის დამალვა მათ მიზნებს არ წაადგება, რადგან ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, ინფორმაციაზე წვდომა სხვა არხებითაც მიიღონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ, ასე ვთქვათ, ბეჩავ მდგომარეობას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.