ნიკოლოზ სამხარაძე - ბრიუსელში მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი
ნიკოლოზ სამხარაძე - ბრიუსელში მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი

საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან დღევანდელ შეხვედრაზე გაკეთდა მკაფიო გზავნილები საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მიმართ და აღინიშნა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა რჩება უცვლელი.

„ჩვენ მივიღეთ სამი ძირითადი გზავნილი, რომელიც საკმაოდ მკაფიო იყო. პირველი, რომ საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება და ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს შეეხება, საქართველო მუდმივად იქნება ჩართული პროცესში. მეორე იყო ის, რომ ნატო არ შეეგუება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას, და ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ერთიანია ამ სულისკვეთების მიმართ და შესაბამისად, არანაირი დათმობა ამ მხრივ ნატო-ს მხრიდან არ იქნება და მესამე, მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მუშავდება ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და საქართველოს ეთხოვა მიიღოს მონაწილეობა ახალი დოკუმენტის შექმნაში და საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები წარადგინოს, რომელიც შემდეგ მოკავშირეების მხრიდან იქნება გაზიარებული.

„ეს იყო ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან მივიღეთ. მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და სავარაუდოდ, მადრიდის სამიტამდე ასევე გაიმართება მაღალი დონის ვიზიტიც საქართველოში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.