ნიკოლოზ სამხარაძე - ბოლო ოთხი წელია, ცდილობენ, რუსეთს სანქციები დავუწესოთ, საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმს ვხედავთ, ამას უკვე დაუფარავად აკეთებენ
ბოლო ოთხი წელია, ცდილობენ, რუსეთს სანქციები დავუწესოთ, პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმია, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ვხედავთ. ამას უკვე დაუფარავად ახორციელებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებზე, რომ „რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს, განხორციელებულია, სულ მცირე, 8 მილიარდი დოლარის გარიგება“.
„სანქციების დაწესების თაობაზე საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვხედავთ, ეს პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმია. უსამართლობაზე როცა ვლაპარაკობთ, სწორედ ასეთ ფაქტებს ვგულისხმობთ. გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უფრო მეტი ღირებულების საქონლით ვვაჭრობთ რუსეთთან, ვიდრე უკრაინას დახმარებას ვაძლევთო. ეს ყველაფერი ფაქტებია. ახლა გამოვლინდა, რომ ბრიტანული ტერიტორიები რუსეთთან ვაჭრობენ, რაც რვა მილიარდ დოლარს უტოლდება. ეს დაახლოებით იგივე ციფრია, რაც სამი წლის განმავლობაში ქართულ-რუსული ვაჭრობის მთლიანი მოცულობა. იცით, რომ საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობა 2,5 მლრდ დოლარია. ეს ყველაფერი ორმაგ სტანდარტსა და პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს, რასაც უკვე დაუფარავად ახორციელებენ საქართველოს მიმართ. ბოლო ოთხი წელია, ცდილობენ, რუსეთის ფედერაციას სანქციები დავუწესოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.