ნიკოლოზ სამხარაძე - არესტოვიჩმა ნათელი მოჰფინა ყველაფერ იმას, რაც ბოლო კვირებში ხდებოდა, ღიად თქვა, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, საქართველო ჩართული იქნებოდა ომში
ნიკოლოზ სამხარაძე - არესტოვიჩმა ნათელი მოჰფინა ყველაფერ იმას, რაც ბოლო კვირებში ხდებოდა, ღიად თქვა, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, საქართველო ჩართული იქნებოდა ომში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ალექსეი არესტოვიჩმა ძალიან გულწრფელი განცხადება გააკეთა და ნათელი მოჰფინა ყველაფერ იმას, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ხდებოდა.

სამხარაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, არესტოვიჩმა ღიად თქვა, სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში იყოს, საქართველო ომში იქნებოდა ჩართული.

„მან პირდაპირ, ღიად თქვა, რომ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, საქართველო ჩართული იქნებოდა ომში, რაშიც არესტოვიჩს აბსოლუტურად ვეთანხმები. მან დაადასტურა დანილოვის ის განცხადებაც, იქნებ, ომის სიმძიმე სხვა ქვეყანაზე გადანაწილდესო. ამ შემთხვევაში, ხშირად ტანდემში საქართველო და მოლდოვა არიან მოხსენიებული. გასაგებია, რომ უკრაინა იბრძვის და რუსული აგრესიის მსხვერპლი არის, მაგრამ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას რომ მოსთხოვო, ომში ჩაერთოს და გაწიროს მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალაქები დასაბომბად, არ მგონია, სწორი საქციელი იყოს. უკრაინის გადმოსახედიდან გასაგებია, რომ მათთვის უკეთესია, რაც უფრო მეტი ქვეყანა იქნება ჩართული ომში. ალბათ, მათი გადმოსახედიდან ეს სწორი პოზიციაა, მაგრამ საქართველოში „ნაცმოძრაობის“ გარდა ომში ჩაბმა არავის უნდა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ. რუსეთთან ომი არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იან წლებშიც გამოვცადეთ“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.