ნიკოლოზ სამხარაძე - ამერიკელ პარტნიორებს მივაწოდეთ ჩვენეული ხედვა, რა განვითარება შეიძლება, ჰპოვოს რუსეთის აგრესიულმა ნაბიჯებმა, დროულად თუ არ იქნება შეკავებული
აშშ-ში ჩვენი ვიზიტის ძირითადი თემა იყო საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს მივაწოდეთ ჩვენეული ხედვა, თუ რა განვითარება შეიძლება, ჰპოვოს რუსეთის აგრესიულმა ნაბიჯებმა, თუ ის დროულად არ იქნება შეკავებული. ჩვენ მათ ასევე ძალიან ღიად ვუთხარით, რომ რუსეთს ამჯერადაც თუ გაუვა ის, რაც მან 2008 და 2014 წელს გააკეთა, ჩვენი სუვერენიტეტი ძალიან დიდი რისკის ქვეშ არის, ისევე, როგორც უკრაინის სუვერენიტეტი და შესაბამისად, ჩვენ ვართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, რომ დავკარგოთ საერთოდ, სახელმწიფოებრიობა. ამ ხედვას იზიარებენ ჩვენი პარტნიორები, როგორც კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში. ისინიც ფიქრობენ, რომ ეს არ არის უბრალოდ, დონბასთან დაკავშირებული ვიწრო თემა, არის უფრო ფართო და დიდი სურათი და ზოგადად, ეს არის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ფაზა, რომლის მსხვერპლიც შეიძლება, ისევ და ისევ უკრაინა და საქართველო გახდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად არის დღეს დასავლეთი მზად იმისთვის, რომ რუსეთის ქმედებებს შესაბამისი პასუხი გასცეს, რასაც ქმედითი წონა ექნება, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ძალით არ ჩაერევა და ცალსახაა, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს, მაგრამ თუ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა და უკრაინაში შეიჭრა, მას საკმაოდ მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოუწევს.
„ღმერთმა დაიფაროს და, რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრა, რა თქმა უნდა, დასავლეთი ამას სამხედრო ძალას არ დაუპირისპირებს. თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთს აქვს რუსეთზე ძალიან მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი და ეს არის განსაკუთრებით, ეკონომიკური ბერკეტები. ეს ეკონომიკური სანქციები სამწუხაროდ, დღემდე ბოლომდე არ არის ამოქმედებული და აქ შეიძლება დამატებითი სანქციების ამოქმედება. ასევე, ჩვენ ველოდებით, რომ დასავლეთი კიდევ უფრო გააძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე დიდი იმედი გვაქვს, ამის შემდეგ სამხედრო წარმომადგენლობას გააძლიერებს ასევე, შავი ზღვის რეგიონში. ამიტომ, თუ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, რა თქმა უნდა, მას მოუწევს საკმაოდ მკაცრი ეკონომიკური სანქციები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.